logo
ENG



"ბოდიში ბროშურის გამო" - რა ეწერა მაკდონალდსის წაშლილ განცხადებაში

16 ივნ 202313:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/16/n3fymai0p87kuw4.jpg

ეს განცხადება მაკდონალდსმა რამდენიმე წუთში წაშალა და გაავრცელა ახალი, სადაც ბუნდოვანების გამო ბოდიში მოიხადა. ახალი განცხადება ნახეთ აქ.

მაკდონალდსი ელტონ ჯონზე გამოშვებულ ბროშურას, რომელიც მომღერლის ცხოვრებაზე ინფორმაციას შეიცავდა, შეცდომას უწოდებს და "საზოგადოებას ბოდიშს უხდის".

მათი თქმით, "დაშვებულ შეცდომას" იზიარებენ.

კომპანიის განცხადება:

"მაკდონალდს საქართველოს ადმინისტრაციის გუნდის განცხადება:
ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთ მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მაკდონალდს საქართველო ეწევა რაიმე სახის პროპაგანდას. გვსურს აღვნიშნოთ, რომ მსგავსი განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

ხაზგასმით განვმარტავთ, რომ მაკდონალდს გლობალის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა Happy Meal Readers ემსახურება ერთადერთ მიზანს - ჩვენს პატარა მომხმარებელს საინტერესო ისტორიებითა და ცნობილი ადამიანების წარმატების მაგალითებით გავუღვივოთ ცოდნის შეძენის სურვილი და მივცეთ მოტივაცია, თავადაც გახდნენ წარმატებულები.

Happy Meal Readers-ის პროგრამის ფარგლებში გამოიცა ლიცენზირებული წიგნი „პატარა ადამიანები, დიდი მიზნები“ საბავშვო მწერლების სოფი ბიერისა და ემი ბლიქვილის ავტორობით. წიგნი, რომელშიც ცნობილი ბრიტანელი მომღერლის და მუსიკოსის, სერ ელტონ ჯონის ცხოვრება და კარიერაა აღწერილი, ჩინეთში დაიბეჭდა და იდენტური შინაარსით გავრცელდა მსოფლიოს ყველა ქვეყნის მაკდონალდსში, შესაბამისი ქვეყნების ენაზე ნათარგმნი.

აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული გამოცემა ლიცენზირებულია, რაც კრძალავს თარგმნისას შინაარსის რაიმე სახით შეცვლას. სწორედ ამ მიზეზით ორიგინალი ვერსიის ქართულად თარგმნისას და რედაქტირებისას, სამწუხაროდ, მაკდონალდს საქართველოს აღმასრულებელი გუნდის შეცდომის შედეგად, ჯეროვნად არ იქნა გათვალისწინებული კონტექსტი და მოხდა შინაარსის პირდაპირ და უხეშად კოპირება.

აქვე, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ წიგნის გამოცემის სრულ პროცესზე, მათ შორის თარგმნაზე, რედაქტირებასა და კონტექსტზე მუშაობდა მხოლოდ მაკდონალდს საქართველოს ადმინისტრაციის გუნდი. პროცესის შინაარსობრივ ნაწილში არც კომპანია კოკა-კოლას და არც ბატონ თემურ ჭყონიას მონაწილეობა არ მიუღიათ.

მაკდონალდს საქართველოს მენეჯმენტი იზიარებს დაშვებულ შეცდომას და ბოდიშს უხდის საზოგადოებას.

ამასთან, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მაკდონალდს საქართველო დღიდან მისი დაფუძნებისა, მხარს უჭერს ქვეყანაში წიგნიერების განვითარებას და დღემდე სხვადასხვა შემეცნებითი წიგნებით, პროგრამებითა თუ კამპანიებით ხელს უწყობს პატარებში კითხვის შეყვარებას. ჩვენს მიერ გამოცემული და რეალიზებულია 300 000 შემეცნებითი შინაარსის წიგნი, რომელმაც წაახალისა ბავშვებში კითხვის სიყვარული.

მაკდონალდს საქართველოსთვის ისევე, როგორც მისი დამფუძნებლისთვის, ბატონ თემურ ჭყონიასთვის მთავარი ღირებულება ადამიანია და სწორედ ადამიანის გარშემო აშენებს ბრენდს, რომელიც თითქმის 25 წელია, მილიონობით მომხმარებლის ერთგულია", - ნათქვამია განცხადებაში.

სერიის წიგნებიდან, რომლებიც ცნობილი ადამიანების ცხოვრებას ეხება, ერთ-ერთი ელტონ ჯონი იყო, რომელზეც ეწერა - "დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა". ეს ჩანაწერი ქართულმა ოცნებამ პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენა, სამთავრობო მედიებმა კი მაკდონალდსის გაშავების კამპანია დაიწყეს. ჩანაწერი დაგმო საპატრიარქომაც.


close დახურვა